რას ემსახურება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 1989 წლის გახსენება (ფოტოკოლაჟი)
მეორე დღეა ოსური საინფორმაციო საშუალებებით 1989 წლის 23 ნოემბრის მიტინგის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
აქცია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ოსი ხალხის გენოციდის დასაწყისს უწოდებს, ცხინვალის საზღვართან, ეროვნული მოძრაობის ლიდერების ინიციატივით, 27 წლის წინ მოეწყო.
15000-მდე საქართველოს მოქალაქემ, მშვიდობიანი მსვლელობით, ცხინვალის შესასვლელთან, პროტესტი დააფიქსირა.
ოსური საინფორმაციო საშუალება „osinform.org“ დღეს მიტინგის ფოტოებსაც ავრცელებს, წყაროს ინფორმაციით, ფოტოები პირველად ქვეყნდება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თვლის, რომ პროპაგანდა ახალ თაობაში ქართველების მიმართ ზიზღის ჩანერგვას ემსახურება. სანაკოევს კარგად ახსოვს, თუ რა მოხდა ცხინვალთან 1989 წელს.
„ეს იყო ქართველების მოსვლა ოს თანამემამულეებთან. მე ამას მიტინგსაც ვერ დავარქმევ. ეს იყო მშვიდობიანი მსვლელობა, ცხინვალის მხრიდან გადმოვედით ჩვენც ოსი ეროვნების ადამიანები, შევხვდით ეროვნული მოძრაობის ლიდერებს და ვისაუბრეთ.
ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი შესარიგებლად და არა საომრად. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროპაგანდით ქართველებს აძულებენ იმ თაობას, ვისაც ეს მოვლენები არ ახსოვს,“ – აცხადებს ვლადიმერ სანაკოევი „კვირასთან“.
აღნიშნული თარიღი, გუშინ, დე ფაქტო მთავრობის ლიდერის საინფორმაციო კომიტეტის სხდომათა დარბაზში, „ქართველი ნაციონალისტების“ მიერ განხორციელებულ ქმედებად შეაფასეს და დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს.