ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოსახლეობას ლოცვის საშუალებას არ აძლევენ
ე.წ საზღვრისპირა სოფლებში დღეს დილიდან ოსი შეიარაღებული დაჯგუფებების მობილიზება შეინიშნება.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სალოცავად ვერ მიდის.
სოფელ ახალუბნის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოსაა მოსახლეობა დღეს ვერ ლოცულობს.
„დილიდანვე შევამჩნიეთ, რომ შეიარაღებული ფორმიანი პირები ე.წ საზღვართან უფრო მეტი რაოდენობით მოძრაობენ ვიდრე დღემდე იყვნენ, ჯერ-ჯერობით აქედან არ ჩანს სამხედრო ტექნიკა, ვხედავთ მხოლოდ თუ როგორ გადაადგილდებიან ფეხით სამხედროები.
წმინდა გიორგის ტაძარი ახალუბნის თავზეა, ხალხი ერიდება დღეს იქ მოსალოცად მისვლას, რადგან შარშან იყო შემთხვევა, როცა მოსახლეობას ლოცვის საშუალება არ მისცეს და ტაძართაბ მისვლა აუკრძალეს,“- განაცხადა „კვირასთან“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ახალუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ტატიაშვილმა.
შარშან, 23 ნოემბერს, ე.წ. მესაზღვრეებმა ჯარიაშენის რამდენიმე მცხოვრებელი დააკავეს.
საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას დილიდან აკვირდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებიც.