გიორგი კახიანი: კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, “მრეწველებს“დაფინანსება ეკუთვნით
“მრეწველთა“ პარტიას კანონით, ეკუთვნის თანხა, რომელსაც ის საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების“ მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, “მრეწველებს“ შესაბამისი დაფინანსება ეკუთვნით.
“კანონმდებლობის მიხედვით, ამა თუ იმ პარტიას, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და არჩევნების შედეგად, პარლამენტში ფრაქციის შექმნას ახერხებს, ფრაქციის შექმნისათვის გამოყოფილი დაფინანსება ეკუთვნის. “მრეწველთა“ წარმომადგენელი არჩევნებში დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას, მან ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა და მოხდა “მრეწველთა“ ფრაქციის შექმნა. თუ რეალობას და კანონის მოთხოვნებს ერთმანეთს დავუკავშირებთ, “მრეწველებს“ შესაბამისი დაფინანსება ეკუთვნით“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისათვის, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტია “მრეწველებისთვის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრული 536,572 ლარიდან 300 ათასი ლარი არის თანხა, რომელიც “მრეწველების“ პარტიას პარლამენტში მათი წევრის, სიმონ ნოზაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციის შექმნის შედეგად დაენიშნა. ამ დაფინანსებით მან “თავისუფალ დემოკრატებს“ აჯობა, რომლის ყოველწლიური დაფინანსების ოდენობა 512,196 ლარს შეადგენს.
დაფინანსების სიდიდის მიხედვით, “მრეწველები“ პარტიებს შორის მე-7 ადგილზე აღმოჩნდნენ და ამით “თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცესკოში წევრი დაკარგეს.