ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის განცხადებებით აღშფოთებულია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აღშფოთებულია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით იმის შესახებ, რომ „თუ მოლდავეთი დნესტრისპირეთის კონფლიქტს კონფედერაციის პრინციპებიდან გამომდინარე მოაგვარებს და რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს, ეს შეიძლება საქართველოსა და უკრაინაში კონფლიქტების მოგვარების მოდელი გახდეს”.
„შესაძლოა, სახელმწიფო დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიის შიგნით არსებული რაიმე კონფლიქტები იგულისხმა, მაგრამ თუ მან საქართველოსა და მისი მეზობელი სახელმწიფოების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები იგულისხმა, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მან რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა ცუდად იცის“, – განუცხადეს სააგენტო “სპუტნიკს“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვას არ აპირებს და ყველანაირად გააგრძელებს ამ რეგიონის მხარდაჭერას.