„საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება ერთადერთი მიზნით – ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში იყოს ბალანსი“

ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდება ერთადერთი მიზნით – ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ნამდვილად იყოს ბალანსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
ამასთან, კობახიძე პრეზიდენტის მიერ განცხადებაში გაკეთებულ გზავნილებს მნიშვნელოვანს უწოდებს.
„მაგრამ ის გარკვეული შიში თუ საფრთხეების პროგნოზი, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით გააკეთა, მინდა, რომ ნამდვილად გავფანტოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრებმა და ვთქვა, რომ ჩვენ ეს უმრავლესობა გვჭირდება ერთადერთი მიზნით – ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ნამდვილად იყოს ბალანსი და ამომრჩევლებისთვის მიცემული ყველა დანაპირები შევასრულოთ. რაც მთავარია, გავასწოროთ ის ხარვეზები, რაც ნამდვილად არსებობს კონსტიტუციაში. პრეზიდენტმა თვითონ ისაუბრა, რომ არსებობს ეს ხარვეზები და ამისთვის, როგორც შესაძლებლობა, ისე უნდა გამოვიყენოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და რაიმე საფრთხისა და შიშის საფუძველი ნამდვილად არ არის“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მიაჩნია, რომ „მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება“.
პრეზიდენტს თქმით, ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები