ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებულ პირებს, ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გაუუქმდათ და გირაო შეეფარდათ.

ადვოკატებმა პატიმრობის შეცვლის შუამდგებლობა ყველა მათგანზე დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა მხოლოდ ორის – ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილის შეთხვევაში დააკმაყოფილა.

მამფორიასა და ბაღიშვილს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული პირები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

საქმეზე მომდევნო სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისა და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები