უფასო რჩევა „თიბისი ბანკს“, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს – ნუ წახვალთ იქ!

ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური “თი ბი სი ბანკს”, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს უფასო რჩევას აძლევს – “ნუ წახვალთ იქ!”
“გუშინ გავრცელდა „თი ბი სი ბანკის“ განცხადება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, თავისი ტონითა და შინაარსით, აშკარადაა ამოვარდნილი საჯარო მიმართვებისა და ეთიკური ნორმების ჩარჩოებიდან. სოლიდურობის პრეტენზიის მქონე ბანკს მეტი მოეთხოვება, ბანკი ხომ ნდობასა და რეპუტაციაზე აგებული ინსტიტუტია და ელემენტარული სახის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს.

არ გვგონია, რომ ასეთი მძიმე და მოულოდნელი ყოფილიყო ბანკისთვის და მისი დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის, 2016 წლის 14 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განცდილი მარცხი, სადაც „თი ბი სი ბანკმა“ და „აგრიკომმა“ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებთან უკვე მეორე ინსტანცია წააგეს. სამართლიანობა რომ აღდგებოდა, მათ ჯერ კიდევ სააკაშვილთან დანაშაულებრივ გარიგებებში მონაწილეობის დროს უნდა ეფიქრათ.

საქმე ეხება 2010 წლის ამბებს, როცა სააკაშვილის რეჟიმისაგან დევნილ ვანო ჩხარტიშვილს დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ხოლო მისი აქტივები, მათ შორის ფოთის წისქვილქარხანა და ნავმისადგომები, სააკაშვილის რეჟიმმა მიისაკუთრა. ამ აქტივების მითვისებაში მაშინ პროკურტურასთან, შსს-სა და ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ რეჟიმთან გარიგებაში მყოფი კერძო იურიდიული და ფიზიკური პირები.

რეჟიმის წლები ზოგიერთისთვის უკანონობასთან ბრძოლის, ღირსების შენარჩუნებისათვის თავგანწირვისა და დევნის პერიოდი იყო. მავანისთვის კი იგი აღმოჩნდა მოძალადე ხელისუფლებასთან ალიანსში ჭუჭყიანი ფულის კეთებისა და კოლეგა ბიზნესმენების დარეკეტებით გამდიდრების ხანა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთთა რიგებში აღმოჩნდნენ „თი ბი სი ბანკი “ და მისი მფლობელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ვანო ჩხარტიშვილის აქტივების მითვისებაში. მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა არ გაგვიხდია განსჯის საგნად და სამართლიანობის აღსადგენად სასამართლოს მივმართეთ. ეს მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში კარგად ათვისებული და დამუშავებული მეთოდებით, საინფორმაციო კამპანია გააჩაღეს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის დასაშანტაჟებლად და ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შესალახად.

ბოლო განცხადება გამონაკლისი არ არის. „ე. წ. „ბიზნესმენი“,“90 -იანი წლების, პოსტსაბჭოთა შავ-ბნელი მეთოდებით ბიზნესის მკეთებელი“, „ბიზნესავანტურისტი“ და „პროვოკატორი“, – ეს სოლიდურობის პრეტენზიის მქონე “თი ბი სი ბანკის” „სოლიდური“ლექსიკიდანაა და ზღვაში წვეთია იმ არაეთიკურ ეპითეტებთან და სიყალბეებთან შედარებით, რასაც ისინი პერიოდულად მედიის საშუალებით ტირაჟირებენ.

ცოტა უცნაურია, რომ “თი ბი სი ბანკი”, თვეების განმავლობაში, კორპორატიული ელექტრონული ფოსტით ავრცელებდა პრესრელიზებს და აფინანსებდა ვანო ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის მიმდინარე სასამართლო დავის ცალმხრივ ინტერპრეტაციებს. დავა რამდენიმე სასამართლოში მიმდინარეობდა და ყველაზე მსხვილი აქტივის, ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება ჩხარტიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. რაც შეეხება, ლონდონის სასამართლოს, იქ დავა არ დასრულებულა და პირველ ინსტანციაში ჩვენი წაგების შემდეგ, მეორე ინსტანციაშია გასაჩივრებული.

ოჯახთან დავა მიმდინარეობს საქართველოშიც. ვანო ჩხარტიშვილმა დავა პირველი ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებშიც მოიგო. ასე რომ, ამ თემებით მანიპილურება და მათი მიბმა ფოთის წისქვილქარხანასთან ან ნავმისადგომებთან სრულიად უადგილო და ალოგიკურია.

“თი ბი სი ბანკის” მესვეურები აქტიურად ერეოდნენ ვანო ჩხარტიშვილისა და ფოთის პორტის ნავმისადგომების ბიზნესდავის ცალმხრივი გაშუქების დაფინანსებაშიც, რომელსაც არაფერი აქვს საერთო “თი ბი სი ბანკთან”. სტრატეგია აქაც უცვლელი იყო – სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეებზე უპრეცედენტო ზეწოლა და მათი დაშინება.
“თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ძალისხმევით „სასწაულებრივად აღდგენილი“ საქართველოს ბიზნესფედერაციის პირველივე ნაბიჯი არა ბიზნესის ინტერესების დაცვა ან დაზარალებული ბიზნესსუბიექტების მხარში ამოდგომა, არამედ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა გახდა, თუმცა ჩვენ არც ეს გაგვკვირვებია. ბიზნესფედერაციის თავმჯდომარე და წამყვანი თანამშრომლები “თი ბი სი ბანკის” ვიცე-პრეზიდენტი და იურისტები იყვნენ. სამწუხაროა, რომ ეს პროცესიც სასამართლო სისტემის დაშინებითა და შანტაჟით გრძელდება.

სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ, ბიზნესის წინააღმდეგ, ვანო ჩხარტიშვილზე და მის ბიზნესპარტნიორებზე განხორციელებული ასეთი ტიპის ტოტალური შეტევა და ძალადობა პირველი და, ალბათ, უკანასკნელია.
ისე, სხვისი ქონების „მითვისება“, „მისაკუთრება“ და „ დაპატრონება“ დააბრალო ოპონენტს პირობებში, როცა სააკაშვილის დროს დაზარალებული ლამის ყოველი მეორე ბიზნესმენი „თი ბი სი ბანკს“ და მის მესვეურებს – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესა ადებს ხელს, სხვა თუ არაფერი, წინდაუხედაობაა. ეს რომ ასეა, არა ჭორებით, არამედ დოკუმენტებით, კონკრეტული საქმეებითა და ცოცხალი ადამიანებით მტკიცდება. ასევე, ნამდვილად უცნაურია, სხვა თუ არაფერი, მათი მხრიდან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე აქცენტების გაკეთება. უხერხული მოსასმენია „თი ბი სი ბანკის“ განცხადების ის ნაწილიც, სადაც ხაზგასმულია, რომ ბანკი „მუდამ იდგება ქვეყანაში სამართლიანობის, ბიზნესეთიკის და საკუთრების უფლების სადარაჯოზე“.

ჩვენი უფასო რჩევა კი შემდგომში მდგომარეობს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, “თი ბი სი ბანკის” მესვეურებო! ბანკს მიხედეთ, ბანკს!

ნუ წახვალთ იქ, სადაც გამოსავალი არ არის! სადაც და როგორც ართმევდით ქონებას კოლეგა ბიზნესებს! ის ცუდი დრო იყო. ახლა სხვა დროა! წარსულში ვერ დააბრუნებთ საქართველოს!

ნუ ჩარევთ და ნუ გახდით მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს მხარეებად! ნუ შეულახავთ მათ ღირსებას!

მოდით აქ! სამართლიანობის აღდგენისთვის სახელმწიფოში სასამართლო არსებობს და თუ რაიმე არგუმენტები და მტკიცებულებები გაქვთ, სასამართლოზე წარმოადგინეთ! – ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები