ჯანელიძის განცხადებით, ემიგრანტებთან დაკავშირებით ცალკეული ინიციატივები და პროექტები ამოქმედდება

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მისი უწყება ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს იმიჯის განმტკიცების საკითხში დიასპორის ჩართულობას ხელს შეუწყობს.
როგორც კონფერენციაზე – „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ განაცხადა, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, ცალკეული ინიციატივები და პროექტები ამოქმედდება.
„ქართული დიასპორის ასიათასობით წარმომადგენელი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში უმნიშვნელოვანესი რგოლია და მთავრობა საგარეო პოლიტიკის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის – სახალხო დიპლომატიის სრული მასშტაბით ამოქმედებას ყველანაირად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალია და ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა და ენერგია სამშობლოს მოახმარონ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები