ჯონ მაკკეინი: რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ ნებისმიერი მცდელობა ძალიან სახიფათოა. ამის შესახებ მაკკეინის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენ ისე უნდა ვენდოთ პუტინის განცხადებებს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შესახებ, როგორც საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ სხვა განცხადებას. ამ ადამიანის წყალობით რუსეთი ტირანიამ მოიცვა, პუტინმა ფიზიკურად გაანადგურა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, დაემუქრა აშშ-ის მოკავშირეებს და შეერთებულ შტატებში არჩევნების ჩაშლაც კი სცადა,“ – განაცხადა სენატორმა.
მაკკეინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა სირიაში მასშტაბური დაბომბვები განაახლა.
„მოსკოვის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციის ბოლო მცდელობას, რუსეთთან ურთიერთობები „გადაეტვირთა“, უკრაინაში პუტინის შეჭრა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ინტერვენცია მოჰყვა. კიდევ ერთი გადატვირთვის ფასი იქნება პუტინისა და ასადის მიერ სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“, – განაცხადა მაკკეინმა.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია და აშშ უნდა დადგეს იმათ გვერდით, ვინც ტირანიას ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები