ზურაბ ჯაფარიძე: 2016 წლის 31 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში დავრგავთ მარიხუანას

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩი“ ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს და ახალ წლამდე მარიხუანისა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაციას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, კანონმდებლობამ, რომელიც დღეს საქართველოშია, ასობით ათას ადამიანს გაუმწარა ცხოვრება.
„მოვითხოვთ, ახალმა მთავრობამ ახალ წლამდე შეცვალოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, მარიხუანას კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის იყოს სრულად ლეგალიზებული.
თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, ჩვენ „გირჩის“ წევრები, „გირჩის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში, ყველას დასანახად, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას. ჩვენ გვესმის, რომ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 6-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა.
„გირჩი“, ისევე როგორც არაერთი სხვა სოციალური ჯგუფი, წლების განმავლობაში იბრძვის ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ბერკეტი დღევანდელ პარლამენტში, რომ შეგვეცვალა ნარკოპოლიტიკა და პატარა ნაბიჯი მაინც გადაგვედგა წინ, მაგრამ უშედეგოდ, წავაწყდით უმრავლესობის სურვილს, რომ შეენარჩუნებინათ ეს მავნებლური პრაქტიკა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები