თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია ”კვირას” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსად გიორგი ცაბაძე დანიშნა.
“მოამბის” ინფორმაციით, მათ ის დოკუმენტიც მოიპოვეს, რომელშიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მინისტრ იზორიას სთხოვს დანიშნოს ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, რომ ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
”გთხოვთ გადაწყვეტილებას ვიცე-პოლკოვნიკ ნინუასა და ვიცე-პოლკოვნიკ ცაბაძის წარმოდგენილ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ, გამონაკლისის სახით, შერჩევის უმაღლეს საბჭოზე განხილვის გარეშე… დამატებით მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 17 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ნუსხებით განსაზღვრულ ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს”, – ნათქვამია ჩაჩიბაიას მიერ იზორიასთვის გაგზავნილ წერილში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის გვარეობის ”პოლკოვნიკის” თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: მინიმალური ნამსახურები წლები ოფიცრის თანამდებობაზე და უცხო ენის ცოდნა.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს, მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.
ცაბაძისა და ნინუას მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი გამოეხმაურა და განმარტა, რომ „მინისტრს აქვს უფლებამოსილება საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები