რადის დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს სააკაშვილი საქართველოს გადასცეს

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვას და საქართველოს გადასცეს. ამის შესახებ რაბინოვიჩმა ТСН-ის ეთერში განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მან შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა შსს-ს და გენერალურ პროკურატურას, ასევე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.
„სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს ქვეყნის კანონმდებლობა იყო დარღვეული, ამიტომ კანონი უნდა შესრულდეს და სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. გარდა ამისა, ჩვენ საქართველოსთან საერთაშორისო დამნაშავეების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. მოდით, ნუ დავარღვევთ ამ ხელშეკრულებას, ერთი ადამიანის გამო საქართველოსთან ურთიერთობები არ უნდა გავაფუჭოთ და სააკაშვილი თბილისს გადავცეთ“, – განაცხადა რაბინოვიჩმა.
სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2013 წელს ის საქართველოდან წავიდა. პროკურატურამ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. კერძოდ, საუბარია 5 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები