NDI: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი

”ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” დასკვნით, საქართველოს ახალი პარლამენტისა და მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიღებისას ყველა მოქალაქის ინტერესი წარმოადგინოს, მათ შორის მათი, ვინც უმრავლესობას ხმა არ მისცა. ამის შესახებ NDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში გამართულ არჩევნებს ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი, კონკურენტული საარჩევნო კამპანიით, შედეგებით, რომელიც სანდო დამკვირვებლების მონაცემებს დაემთხვა და რამდენიმე ძირითადი პრობლემით, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო.
”საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ, დაეფუძნებინათ და გაერთიანებულიყვნენ პოლიტიკურ პარტიებში. პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მათ აგრეთვე შეეძლოთ, ეწარმოებინათ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისუფლად მიეტანათ მესიჯები საზოგადოებამდე, რასაც საქართველოში არსებული საკმაოდ აქტიური და პლურალისტური მედია გარემო უწყობდა ხელს. მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს. ყოველივე ზემოჩამოთვლილი მისასალმებელია”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადების დასკვნაში.
ორგანიზაცია არჩევნების დროს გამოკვეთილ რამდენიმე ძირეულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.
NDI -ის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იყო: საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი; და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები.
დამატებით, არჩევნებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან, პარტიების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებთან, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან, კამპანიის დაფინანსებასა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებასთან და ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა. ამ საკითხების მოგვარებისკენ გადადგმული ერთობლივი მცდელობები უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების სრულ ნდობას მომავალი არჩევნებისადმი. ახალი პარლამენტისა და მთავრობისთვის ისევე, როგორც პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, პრიორიტეტი საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაღრმავება უნდა იყოს.
როგორც ყველა დემოკრატიული არჩევნების შემდგომ, ახალი პარლამენტისთვის და ახალი მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, გადაწყვეტილების მიღებისას მოსაზრებების ფართო სპექტრი გაითვალისწინოს და ყველა მოქალაქის ინტერესი წარმოადგინოს, მათ შორის მათი, ვინც უმრავლესობას ხმა არ მისცა. საპარლამენტო და არა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ხმებს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და მათი უფლებები უნდა დაიცვას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე:drive.google.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები