ბექა შენგელიას ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა მოკლული ქალის შინაგანი ორგანოები შეწვეს და შეჭამეს
რიტუალური მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ბოლო დროს რამდენიმე დაკარგული ადამიანის კვალს ეძებენ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ისინი ასევე, რიტუალური მკვლელობის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ, ისევე როგორც 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი.
როგორც გამოცემა წერს, რიტუალური მკვლელობის მთავარი ფიგურანტი 23 წლის ბექა შენგელიას ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა მოკლული ქალის შინაგანი ორგანოები შეწვეს და შეჭამეს.
როგორც სტატიის ავტორი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, გამოძიება უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ადამიანის კვალს ეძებს, რომელთაც სავარაუდოდ, კავშირი ყოჩიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებთან ჰქონდათ.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას უფლებადამცველი გია ბურჯანაძე, რომელიც ბექა შენგელიას იცნობდა, აცხადებს, რომ შენგელიას მიერ გადაცემა „სხვა რაკურსში“ ნახსენები გაუჩინარებული ადამიანები, დიდი ალბათობით, მისივე მსხვერპლი გამხდარიყვნენ.
როგორც სტატიაში წერია, გაზეთის რედაქციას რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და ბექა შენგელიას შესახებ უამბო. სტატიის თანახმად, უცნობი ადამიანები ყვებოდნენ, რომ შენგელიამ მარიამის სახელის მქონე 5 გოგო გააუპატიურა. 3 წლის წინ კი „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში ნიღბით მივიდა და აღნიშნული დანაშაულის შესახებ სიამოვნებით ყვებოდა.
„კატებს კლავდა, აუპატიურებდა გოგოებს სასაფლაოზე. გოგოს, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა, სახელად მარიამი მაგ სატანამ დაარქვა. სულ 6 მარიამი სჭირდებოდა რიტუალისთვის“, – ყვებოდა რედაქციის თანამშრომელთან უცნობი პიროვნება.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბექა შენგელია წარსულში სასჯელს გაუპატიურების ბრალდებით იხდიდა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა.
გამოცემა, სატელევიზიო არქივითაც დაინტერესდა და გაარკვია, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, „იმედის“ ეთერში, ანონიმურობის დაცვით, ბექა შენგელია მართლაც აღიარებდა გოგონების გაუპატიურებასა და სატანისტურ რიტუალებში მონაწილეობას.