ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს კუთვნილი შენობის დაცლას სთხოვს

ვანო ჩხარტიშვილი ბიზნესმენებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, კუთვნილ ქონებას არ უბრუნებს – სტატიას ამ თემაზე გაზეთი “ვერსია” აქვეყნებს.
გაზეთი საკითხით კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ კაპანაძემ ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილ “ეს ჯი კომპანის” გუშინ წერილით მიმართა და შენობის დაცლა მოითხოვა.
“საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია 2004 წელს, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით შეიქმნა. ფედერაცია სამმა კომპანიამ – “თიბისი ბანკმა”, “აგარის შაქარმა” და “სახალხო ბანკმა”, ასევე 52 წევრმა დააფუძნა. მათ შორის არიან მამუკა ხაზარაძე, ირაკლი რუხაძე, ბიძინა ივანიშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით დუმბაძე, თემურ ჭყონია, ალეკო თავართქილაძე, გოგი თოფაძე, ლევან ძნელაძე, ნიკო ლეკიშვილი, ნიკა ივანიშვილი, გია მიქელაძე, შალვა ოგბაიძე, ზაზა სიორიძე, გიორგი მშვიდობაძე, გიორგი ისაკაძე, გიორგი ტყემალაძე, რუსუდან კერვალიშვილი. გამოდის, რომ ვანო ჩხარტიშვილი შენობას ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ბიზნესმენებს ართმევს?!” – ნათქვამია სტატიაში.
“ვერსიის” კითხვაზე, როგორც ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, ჰქონია თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ვანო ჩხარტიშვილთან, რათა მათ შორის არსებული დავა მორიგების გზით გადაწყვეტილიყო, თამაზ კაპანაძე პასუხობს:
“ჩვენს შორის ამგვარი მოლაპარაკება მართლაც შედგა, მაგრამ ჩხარტიშვილმა თავიდანვე გამოგვიცხადა, რომ ბიზნესმენთა ფედერაციასა და “ეს ჯი კომპანის” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხანდაზმულობის ვადა უკვე გაუვიდა. შესაბამისად, ვალდებული არ ვარ, ხელშეკრულების პირობები შევასრულოო. თუმცა მომდევნო შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა – მზად ვარ, ფედერაციის კუთვნილი ფართის ნაცვლად, 700 000 ლარი გადავუხადოო, მაგრამ ეს შეთავაზება კონტრაქტის პირობებს არ შეესაბამება. ხელშეკრულებაში წერია, რომ “ეს ჯი კომპანიმ” 728 000 ლარის ღირებულების ფართი უნდა მოგვცეს იმავე ადგილზე, სადაც ბიზნესმენთა ფედერაცია მდებარეობს ანუ გერგეთის №3-ში. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ხელშეკრულების ეს პუნქტი კაბალურია, რადგან 728 000 ლარი ამხელა ფართის საბაზრო ღირებულება არც 2008 წელს ყოფილა და მით უმეტეს, არც ახლაა”.
როგორც ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე აცხადებს, ფედერაციას უამრავი გეგმა და პროექტი აქვს განსახორციელებელი, რასაც საზოგადოება ბიზნესმენთა ფედერაციის ყრილობაზე შეიტყობს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. შესაფერისი პირობების უქონლობის გამო, ფედერაციას საქმიანობაში ხელი ეშლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები