არჩილ თალაკვაძე სააკაშვილის გადადგომაზე: სიმბოლურია, რომ 7 ნოემბერს პოზიციები უკვე სხვა ქვეყანაში დაკარგა

“ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნულს სიმბოლური უწოდა.
როგორც თალაკვაძემ „2030“-ის ეთერში აღნიშნა, უკრაინაში სააკაშვილის გუნდის წევრებმა მოვლენებს რამდენიმე დღით დაასწეს და მათ თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს.

„სიმბოლურია, რომ 7 ნოემბერს პოზიციები უკვე სხვა ქვეყანაში დაკარგა ქვეყნიდან წასულმა გუნდმა, რომელმაც ზუსტად 9 წლის წინ საკუთარი მოსახლეობის ნდობა დაკარგა.

ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში ადამიანის უფლებებს დაიცავდნენ, რეფორმებს ჩაატარებდნენ და ქვეყანას ფეხზე დააყენებდნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, მათი „მისია“ კრახით დასრულდა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მათი მოღვაწეობიდან რამდენიმე თვეში უკვე სახეზე იყო მოსახლეობის უკმაყოფილება და მძიმე ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით.

ალბათ, დაასკვნეს, რომ სულ მალე პოზიციების იძულებით დათმობა მოუწევდათ, მოვლენებს რამდენიმე დღით დაასწრეს და თანამდებობები დატოვეს. თუ არ შეგიძლია, უანგაროდ ემსახურო საკუთარ ქვეყანას და დაიცვა საკუთარი მოქალაქეების უფლებები, ამას მითუმეტეს ვერ გააკეთებ სხვა ქვეყნისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

თალაკვაძემ 2007 წლის 7 ნოემბერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე საზოგადოებას არასოდეს დაავიწყდება.

„ეს არის დღე, როცა სახელმწიფომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და 500-ზე მეტ ადამიანს სახელმწიფო არაპროპორციული ძალით მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ მათ პროტესტი გამოხატეს. ამ ადამიანების დევნა აქციების დარბევის შემდეგაც გაგრძელდა და 100-ზე მეტი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით პასუხისგებაში მიეცა. შეუძლებელია დაგვავიწყდეს, რომ 9 წლის წინ, ამ დღეს სახალხო დამცველიც სცემეს, რომელიც აქციას აკვირდებოდა, როგორც ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი. ეს იყო ანგარიშსწორება ადამიანთან, რომელიც ადამიანის უფლებებს პრინციპულად იცავდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები