ლევან იზორიას საქმიანობის ანგარიშს ექსპერტები აფასებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს ექსპერტები ეხმაურებიან. შეფასებებს თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამხედრო სფეროს სპეციალისტები და პოლიტოლოგები მინისტრის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს იზიარებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხედრო სამსახურში წვევამდელების მიღების საკითხზე ამახვილებენ.
ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი: „თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ძირითად პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობს. ეს, პირველ რიგში, ბიუჯეტს უკავშირდება. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც სამხედრო ბიუჯეტის 66% იხარჯება ხელფასებსა და სოციალური პირობების შექმნაზე. მაშინ, როდესაც საბრძოლო მომზადებისთვის, შეიარაღების გარემონტებისთვის და ახალი იარაღის ყიდვისთვის რჩება მიზერული თანხა. რა თქმა უნდა, უნდა განხორციელდეს საბრძოლო დანაყოფებისა და პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაცია, რათა გამოჩნდეს, ვინ არის საჭირო, რეალურად, შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში და ვინ – არა. რაც შეეხება წვევამდელების საკითხს – იმ სამი თვის განმავლობაში, რაც შეჩერებული აქვს თავდაცვის სამინისტროს გაწვევა, აღმოჩნდა, რომ პირადი შემადგენლობის ნაკლებობაა. ერთწლიანი ჯარისკაცის ფუნქციის შესრულება უწევს კონტრაქტით აყვანილ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც სახელმწიფო უხდის 800-1000 ლარს და იმის მაგივრად, რომ მან გაიაროს მომზადება ველზე, იძულებულია, იდგეს დარაჯის ადგილზე.“
სოსო ცისკარიშვილი, “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი: „უაღრესად დიდი იყო ინტერესი დღევანდელი დღის მიმართ. საზოგადოებაში არსებული მოლოდინი გამართლდა. ისეთი მიმანიშნებელი თემები იყო წარმოჩენილი, როგორიც აუცილებელი განხორციელების სისტემაა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თავდაცვის მინისტრი საკუთარი აკადემიურობით და მჭევრმეტყველებით დამაჯერებელია თავის ყველა გამოსვლაში, ვფიქრობ, 100 დღეში ნამუშევრის განხორციელებას კიდევ რამდენიმე ასეული დღე დასჭირდება. წინ ვერ წავალთ, თუ ყველამ მცირედით მაინც არ დავუჭირეთ მხარი ამ სისტემას. ამ თემების მიმართ დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების ინტერესი გაზრდილია. კარგი იქნება, თუ ყოველ 100 დღეს მოჰყვება ასეთი, ნაკლებად პომპეზური, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოსვლები. უპრიანი იქნება, სამინისტროს სისტემაში შეიქმნას მონიტორინგის მცირე ჯგუფი, რომელიც აცნობებს ხოლმე მინისტრს დანაპირების რეალიზაციის მდგომარეობას და წარმატებაში საკუთარ წვლილსაც შეიტანს“.
გიორგი ხარაბაძე, „დემოკრატიის და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი: „დღევანდელი მოხსენების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სიახლე, სწორედ, სავალდებულო გაწვევის აღდგენა იყო. ოღონდ, ეს არის არა ძველი, არამედ, თვისობრივად ახალი სისტემა, რომელიც ეფუძნება გაძლიერებულ საბრძოლო მომზადებას, პირობების შექმნას და ა.შ. მივესალმები სავალდებულო გაწვევის აღდგენას. საქართველოს წინაშე არსებული დღევანდელი გამოწვევების პირობებში ეს აუცილებელი კომპონენტია. მნიშვნელოვანია, რომ საწყისი საბრძოლო მომზადება იქნება საკონტრაქტო სისტემის ანალოგიური. ამ ადამიანებს არ ექნებათ მხოლოდ ყარაულის ფუნქცია, როგორც ჰქონდათ წლების განმავლობაში, ექნებათ სრულყოფილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, მიიღებენ საწყის საბრძოლო უნარ-ჩვევებს, რომელსაც შემდგომ სამხედრო კარიერაში ან ყოფით ცხოვრებაში გამოიყენებენ.“
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საზოგადოებას 100 დღის მუშაობის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა უწყებაში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ერთი გუნდითა და სტრატეგიით გაგრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის – ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.
ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გენერალური შტაბის წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები