დავით ნარმანიამ 155 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ორი პროგრამის ფარგლებში, წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა. სერტიფიკატები და მადლობის სიგელები მაგისტრანტებსა და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადაეცათ. პროგრამების მიხედვით,  75 მაგისტრანტი 450 ლარს აიღებს, სოციალურად დაუცველ 80 სტუდენტს კი მუნიციპალიტეტი შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

სტუდენტებს ჯილდოები, ასევე გადასცეს: თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს წევრებმა – ქეთი ჯოხაძემ, თამარ ტალიაშვილმა და რიმა ბერაძემ.

მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან წარმატებულ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ახორციელებს. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია – ფრიადი). პირველ და მეორე ეტაპზე სტიპენდია მოიპოვა 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა, მესამე ეტაპზე კი სტიპენდია გადაეცა 75 მაგისტრანტს.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს. ახალი, 2016 წელს მიღებული წესის შესაბამისად, მაღალი აკადემიური მოსწრების (A კატეგორია – ფრიადი) მქონე სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ათასი ან ნაკლები ქულით ირიცხება,  სწავლის საფასური 100%-ით უფინანსდება. დაფინანსება ეტაპობრივად, სემესტრის მიხედვით ხდება.

„თითოეული ეს პროგრამა მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალისებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობისათვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ძალიან კმაყოფილია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები