გენერალი ჯონ ნიკოლსონი: ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.
მხარეებმა ნატო-საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი სამხედროების ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მთავრობას სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, აქტიურად გააგრძელოს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.
გიორგი კვირიკაშვილმა გენერალ ნიკოლსონს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის დემონსტრირება და საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში საქართველოს წვლილის აღიარებაა.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. წლების განმავლობაში ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს. აქვე გამოვთქვამთ მწუხარებას გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო და თანადგომას ვუცხადებთ დაჭრილ მეომრებს. იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცების იმედი. როგორც ამერიკელ გენერალი აღვნიშნავ, რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტრირებაა ერთობლივი სამხედრო წვრთნები – „ღირსეული პარტნიორი“, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს“, – განაცხადა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები