რევაზ ჯორბენაძე: რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო წარმატებით დასრულდა!

თითქმის ერთი წელი გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში სამედიცინო მომსახურების გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირება მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროექტს გერმანული აუდიტორული კომპანია „KTQ”-ს ექსპერტები ახორციელებდნენ.01
აღნიშნული კომპანია გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებში ატარებს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის შეფასებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რაც ადასტურებს, რომ სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხი შეესაბამება მკურნალობის, დიაგნოსტიკის, რეაბილიტაციის უმაღლეს სტანდარტებს.
სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძეც ესწრებოდა. სოფრომაძემ აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის კლინიკას მაღალი შეფასება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა სწორად ვითარდება.
„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. მინდა მივულოცო აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის კლინიკას ასეთი მაღალი შეფასება, რომელიც ევროპელი კოლეგებისგან მოიპოვა. ეს საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ უპრეცენდენტო მაგალითი არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპულ სივრცეში და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა სწორად ვითარდება. თვითონ ჩაფიძის კლინიკა გახლავთ ნათელი და კარგი მაგალითი იმის, თუ როგორი უნდა იყოს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა”,- განაცხადა სოფრომაძემ.
გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, რევაზ ჯორბენაძის განცხადებით, აღმასავლეთ ევროპის სამედიცინო ბაზარზე ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრი არის პირველი დაწესებულება, რომლის მკურნალობის ხარისხი, მეთოდოლოგია, სამედიცინო პერსონალი, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა შესაბამისობაშია გერმანიის სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტების მოთხოვნებთან. როგორც ჯორბენაძე აღნიშნავს, სერტიფიცირება ჩაფიძის კარდიოლოგიის ცენტრმა წარმატებით გაიარა, რაც გუნდური მუშაობის დამსახურებაა.
„დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, ჩვენს კლინიკასთან მუშაობდნენ გერმანული აუდიტორული კომპანია „KTQ”-ს ექსპერტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ იმ სტანდარტის მიღწევაში, რაც არის ევროპული ჰოსპიტალური სტანდარტი. ეს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო წარმატებით დასრულდა. მინდა მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის გუნდური მუშაობის შედეგი. ასევე მინდა მივულოცო მთელ ქვეყანას, რადგან ამ სერტიფიცირებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ისეთივე ხარისხის სამედიცინო დახმარება გავუწიოთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორსაც ისინი მიიღებდნენ ევროპის ნებისმიერ კლინიკაში”,- განაცხადა ჯორბენაძემ.
გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ყოველწლიურად რესერტიფიცირებას გაივლის, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის მიერ მიღწეული გერმანული ხარისხის შენარჩუნებას და მის მუდმივ განვითარებას საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალური მკურნალობის სტანდარტების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები