სოფო ბედია: იმედია, არც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში

„ხომ არავის დაავიწყდა, რომ წინა მთავრობისთვის მიუღებელი მომღერალი ვიყავი?“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მომღერალ სოფო ბედიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. მომღერალი ამბობს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, როგორც მომღერალი არასდროს არავის მიუწვევია. მისივე თქმით, იგი წინა ხელისუფლების დროს, რომც მიეწვიათ, მათთვის არ იმღერებდა.
„არასოდეს არც მე, არც ჩემი ძმა – მომღერალი ბორის ბედია – არასოდეს მივუწვევივართ და ასეც რომ მომხდარიყო, მათთვის არასოდეს ვიმღერებდი. ვინც მიცნობს, იცის, რომ პოლიტიკური განცხადებები არასოდეს მიკეთებია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება გულწრფელად მივულოცე, წინასაარჩევნოდ მათ კონცერტებშიც ვმონაწილეობდი, რადგანაც ვფიქრობ, იმ პარტიებს შორის, ვინც არჩევნებში კენჭს იყრიდა, „ქართული ოცნება“ ერთადერთი რეალური ძალაა, ვინც საქართველოს წინ წაიყვანს და გაამარჯვებინებს. ნაციონალებს კი ნამდვილად არ მივცემდი ხმას, რადგანაც 9 წელი მათ მმართველობას და ძალმომრეობას ვუყურეთ – მარტო ციხის კადრები რად ღირდა. ამიტომ არ გაუკვირდეთ, რომ ნაციონალებს არც არასდროს ვუგულშემატკივრებ და იმედია, არც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. საქართველო პატარა ქვეყანაა და ნაციონალების პოლიტიკამ ჩემი გარემოცვაც დააზარალა- ახლობლებში ბევრი ბიზნესმენი მყავს, რომლებისთვისაც მუქარა და შანტაჟი არ დაუკლიათ. მერე რა, რომ პირადად არ შემხებიან? ჩემი ქვეყნის ტკივილი და შეურაცხყოფა მეც მეხება და ამიტომ ვაპროტესტებ“ – აცხადებს სოფო ბედია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ცნობისათვის, სოფო ბედიამ სოციალურ ქსელში სტატუსის სახით – „ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს ვუმღერებ“ გამოაქვეყნა, რასაც მომღერლის მიმართ აგრესია და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები