პრეზიდენტი: “მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა”

მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, გამარჯვება მიულოცა და პარლამენტში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„საქართველოში შედგა 2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი, მათი მოღვაწეობის შედეგად აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლის, ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი.
მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს -„ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში. მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა ამავე დროს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები