არჩილ გამზარდია დავით უსუფაშვილზე – „ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ბოლო პერიოდში“

„ძალიან მომწონს უსუფაშვილის გადაწყვეტილება, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა მან ბოლო პერიოდში“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გუშინდელ გადაწყვეტილებას, როდესაც დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. არჩილ გამზარდიას მიაჩნია, რომ დავით უსუფაშვილს დასვენება სჭირდება ახალი პარტიის რეაბილიტაციისათვის.
„ძალიან მომწონს უსუფაშვილის გადაწყვეტილება. მე ადრევე ვამბობდი, რომ რესპუბლიკურ პარტიას ნამდვილად სჭირდებოდა ძირეული განახლება, მაგრამ თუნდაც ბერძენიშვილების პირობებში ეს პარტიაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ… დათო უსუფაშვილი, როგორც პროგრესული ადამიანი, რომ ამ პარტიაში ფრთებს ვერ გაშლიდა, ეს ძალიან ლოგიკური იყო. ცალკე გასვლა მას და ქვეყანასაც არაერთ შანსს მისცემს, რადგან უსუფაშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც შესაძლებლობას აძლევს იყოს ისეთი ოპოზიცია, რომელზედაც მე ბოლო პერიოდში ვსაუბრობ. ახლა დავით უსუფაშვილს სჭირდება კარგი გამოძინება ანუ დასვენება, შემდეგ იმიჯის რეაბილიტაცია, რადგან მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ბოლო პერიოდში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარიდან უცბად იქცა რესპუბლიკელების რიგითი აქტივისტი და შემდეგ უკვე მუშაობა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე – თუ ეს უკანასკნელი საერთოდ აინტერესებს მას. ვფიქრობ, მას ყველა პირობა აქვს, რომ შექმნას კვალიფიციური, საქმიანი და ადეკვატური ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ნამდვილად დიდი მოლოდინითა და ინტერესით მივყვები ამ პროცესს. ჩემი მხრიდან კი წარმატებებს ვუსურვებ დათო უსუფაშვილს“ – წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. მისი თქმით, იგი პოლიტიკიდან არ მიდის და ოპოზიციურ პარტიას ჩამოაყალიბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები