ნოდარ ხადური – საქართველო ოთხი წლის მერე თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გლდანის მე-20 მაჟორიტარული ოლქის 32-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ფინანსთა მინისტრი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად გამოცხადდა და მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
როგორც ხადურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიისკენ გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„მეორე ტური, ასეთი მასშტაბით, საქართველოს ისტორიაში არ ჩატარებულა. როგორც იცით, არჩევნების მეორე ტური დღეს, პრაქტიკულად, მთელ საქართველოშია. მაჟორიტარ კანდიდატებს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია ექნებათ – ისინი ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაჟორიტარი კანდიდატები და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში ძალიან დიდი უმრავლესობით შევა, სრულად გაამართლებს ამ ნდობას და საქართველო ოთხი წლის მერე თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა იქნება, ამიტომ მინდა, ვთხოვო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და კიდევ ერთხელ გამოიჩინონ ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც, მათი აზრით, უკეთეს, სწრაფად განვითარებად, დემოკრატიულ, ჰუმანურ და ჰარმონიულ საქართველოს ჰპირდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, კერძოდ- თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები