გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა მოიცავს 4 წელს და ეს არ იქნება დაუსრულებელი პროცესი

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა მოიცავს 4 წელს, ეს არ იქნება დაუსრულებელი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 წლის შემდეგ საქართველოს ექნება განსხვავებული განათლების სისტემა, რომელიც დასაქმებაზე და მეცნიერების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
„4 წლის თავზე ჩვენ მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ განათლების სისტემას, რომელიც დასაქმებაზე და მეცნიერების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ მმართველობით სისტემას, რომელიც იქნება ჩართულობაზე, სერვისების განვითარებასა და რეგიონების ჩართულობაზე ორიენტირებული. ჩვენ მივიღებთ გაცილებით მაღალ დინამიკას ეკონომიკურ ზრდაში, სადაც იქნება დამწყები ბიზნესმენებისთვის განსაკუთრებული ეკოსისტემა შექმნილი, რომელშიც შესაძლებლობას ნახავენ, განახორციელონ საკუთარი ინიციატივები. გვექნება ჩართული ახალი საპენსიო სისტემა, საფონდო ბაზარი, რომელიც იქნება დაკავშირებული მსოფლიოში ყველა წამყვან საფონდო ბაზრის პლატფორმასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდები იქნება დანახვადი ნებისმიერი პლატფორმიდან სხვა საფონდო ბაზრების და ასევე საქართველოში მყოფი ინვესტორებისთვის ნებისმიერი პლატფორმაზე არსებული ფასიანი ქაღალდები იქნება ხელმისაწვდომი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 4 წლის თავზე დასრულდება ქვეყნის ძირითადი სატრანზიტო არტერიები – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი გზები და ტურისტულ მიმართულებებთან დამაკავშირებელი გზები.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქუთაისზე, ქუთაისში იქნება აეროპორტთან მიყვანილი რკინიგზა. ქუთაისი დაკავშირებული იქნება სვანეთთან ძალიან სწრაფი გზით, რომლითაც ორ საათში შესაძლებელი იქნება ქუთაისის აეროპორტიდან მესტიაში ასვლა. ქუთაისსა და აბასთუმანს დააკავშირებს ასეთივე ავტობანი, ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოს გავლით, შესაძლებელი იქნება სომხეთთან წვდომა და, რა თქმა უნდა, თბილისიდან მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა, წითელი ხიდის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა, სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, მცხეთა-ლარსის ავტობანი, რომელიც გულისხმობს მლეთა-კობის გვირაბის აშენებას. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, 4 წლის განმავლობაში უნდა იყოს დასრულებული. შეიძლება, არარეალისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, როდის რას ვიწყებთ და რას ვასრულებთ. ამ გეგმას ჩვენ უახლოეს მომავალში, მომავალი წლის დასაწყისში წარმოგიდგენთ დღეების გაწერით. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ზუსტად, მთავრობა როდის რა პროექტს იწყებს და როდის ასრულებს, რომ არ იყოს გაუთავებელი დროსა და სივრცეში პოლიტიკოსების დაპირებები. ამ სრულიად განსხვავებულ კულტურას ჩვენ დავამკვიდრებთ ამ ქვეყანაში“,-აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, მისივე თქმით, 4-პუნქტიან გეგმას ემატება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაც.
„ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ეს არის დემოკრატიზაციის მიმართულებით ჩასატარებელი ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები