იენს სტოლტენბერგი: ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით

ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს სამხედრო აქტივობაზე ნატოს საზღვრებთან, მათ შორის რუსეთის მასშტაბურ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2016“-ზე.
„შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ნატოს საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის, მათ შორის სწავლება „კავკაზ 2016“-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში ისკანდერის სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით, მაგრამ დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების ფარგლებში სამხედრო აქტივობა ხორციელდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე ნატოს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ესენი არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთის და აშშ. სხვა წევრი სახელმწოფები ასევე განიხილავენ, რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 8-9 ივლის, ვარშავის სამიტზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები