ნატოს 16 წევრი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარ სამხედროებს გაგზავნის

ნატოს 16 წევრი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარ სამხედროებს გაგზავნის – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განლაგება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.
„ჩვენი ერთ მილიარდზე მეტი მოქალაქის დაცვა ნატოს უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ივლისში, ვარშავის სამიტზე ნატოს ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ ამ კურსს ვაგრძელებთ. მიმდინარე წელს კანადამ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ დაადასტურეს, რომ მზად არიან, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალეროვნულ ბატალიონებს უხელმძღვანელონ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს ბევრმა სხვა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ მზად არის ამ ძალებს შეუერთდეს. ალბანეთი, იტალია, პოლონეთი და სლოვენია შეუერთდებიან ლატვიაში განლაგებულ ბატალიონს, რომელსაც კანადა უხელმძღვანელებს. ბელგია, ხორვატია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და ნორვეგია შეუერთდებიან ლიტვაში განლაგებულ ბატალიონს გერმანიის ხელმძღვანელობით. დანია და საფრანგეთი შეუერთდებიან ესტონეთში განლაგებულ ბატალიონს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. რუმინეთი და დიდი ბრიტანეთი კი, შეუერთდებიან პოლონეთში განლაგებულ ბატალიონს აშშ-ის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში მრავალეროვნული ბატალიონების განლაგებით ნატო აგზავნის მესიჯს, რომ თავდასხმა ალიანსის რომელიმე წევრზე აღქმული იქნება, როგორც თავდასხმა მთელ ნატოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები