ირმა ქავთარაძე – საქართველოს მთავრობა რეფორმების პროცესზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს

„მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების 2017 წლის რეიტინგის მიხედვით, 130-მა ქვეყანამ გაატარა რეფორმები. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო თავისი რეფორმების რაოდენობითა და ხარისხით ტოპ-ათეულშია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ „Doing Business 2017”-ის კომენტირებისას.
ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვერ აისახა ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს მთავრობამ განახორციელა. თუმცა, „ისინი გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის რეიტინგში, რის გამოც, ვფიქრობ, ჩვენი ქულა და ადგილი გაცილებით უკეთესი იქნება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2017 წელს საქართველოს ქულა 2.48 პუნქტით გაუმჯობესდა (80.20 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.
მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოს ტოპ რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შედის.
„საქართველო გაუმჯობესებული 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი).
რეიტინგის მიხედვით საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის (upper middle income) მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით პირველ ადგილზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვუითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ დაასახელა რამდენიმე რეფორმა, რომელთაც მთავრობა უკვე ახორციელებს. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა გადახდიუუნარობის კანონმდებლობის რეფორმაზე – აღნიშნული ერთერთი ინდიკატორია, სადაც საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში შედარებით დაბალი ადგილი უკავია. ირმა ქავთარაძემ ასევე ჩამოთვალა სამშენებლო კოდექსი, რომლის განხილვასაც მალე საკანონმდებლო ორგანო დაიწყებს, ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმის პაკეტი და სხვ.
„კონტრაქტების აღსრულების ინდიკატორის კუთხით მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას კომერციული დავების განმხილველი სპეციალური კოლეგიები საქართველოს სასამართლოებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ხელი შეეწყობა იმას, რომ ბიზნესდავები ამ საკითხში უფრო კვალიფიციურმა და სპეციალიზირებულმა მოსამართლეებმა განიხილონ. აღსანიშნავია, რომ ეს ასევე „Doing Business“ – ის რეკომენდაციაც არის და ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის და „Doing Business“ – ის შეხედულება აღნიშნულ საკითხზე ერთმანეთს დაემთხვა,“ – განაცხადა ირმა ქავთაარძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში შეხვედრები უკვე გაიმართა.
„ჩვენ, ამ და სხვა რეფორმების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება როგორც საქართველოს ქულა, ისე ადგილი მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. საქართველოს მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობს რეფორმების პროცესზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები