ტელეფონის გამო მომხდარი მკვლელობა – რუსთავის სასამართლომ ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი, მკვლელობის მცდელობასა და ძარცვაში ბრალდებული ამირან ზაგაიძე დამნაშავედ სცნო.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ამირან ზაგაიძე ქ. რუსთავში მე-15 მ/რ-ში მდებარე ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში აშკარად დაეუფლა გიორგი მუჯრიშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მას შემდეგ რაც გიორგი მუჯრიშვილმა ტელეფონის დაბრუნება მოითხოვა, ამირან ზაგაიძემ მას ჩხუბი დაუწყო, რა დროსაც შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, გიორგი მუჯრიშვილს მუცლის არეში დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, მათ შორის ერთ-ერთი სიცოცხლისთვის სახიფათო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გიორგი მუჯრიშვილის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ამირან ზაგაიძე 2016 წლის 12 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ამირან ზაგაიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები