„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელს“ ახალი თავშესაფარი ექნება
„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს“ ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ფართი გადასცა, სადაც მალე ახალი თავშესაფარი გაიხსნება და სადაც ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
“ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა ფართი, სადაც დედებისა და ბავშვების მიღება შეგვეძლება. გვეხმარება პოლონეთის საელჩო და იმედია, ქართველი მეცენატეებიც შემოგვიერთდებიან, ჯანდაცვის სამინისტროც ჩვენი თანადამფინანსებელი იქნება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავშესაფარი გაიხსნას დეკემბერში“, – განაცხადა „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ.
მისი ინფორმაციით, აუცილებელია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რაშიც დიდი წვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეაქვს.
ნატო შავლაყაძემ გამოთქვა სურვილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას სპეციალური განყოფილებები, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრევენციაზე ისაუბრებენ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობის მიზნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად კვალიფიკაციურ ტრენინგებს გადიან.