„წიხლით მცემდა ხერხემალში“ – გორელაშვილი აცხადებს, რომ მეგის ქარდავა და გიგი კალანდაძე აწამებდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სერგო თეთრაძის წამებისა და გარდაცვალების გახმაურებული საქმე განიხილეს.
პროცესზე, დღეს საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოწმე გია გორელაშვილი გამოიკითხა, რომელმაც პოლკოვნიკ თეთრაძისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების დეტალები გაიხსენა და ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა.
მან განაცხადა, რომ მეგის ქარდავა და გიგი კალანდაძე აწამებდნენ.
როგორც გორელაშვილმა განაცხადა, მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობაზე ინფორმირებული იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
“შემოდის მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი, სამხედრო ფორმით, ვკითხე – რა გინდათ ბიჭებო ჩემგან – მეთქი და ვინა არის შენი ბიჭიო და დამარტყა კეფაში, ეს აღმოჩნდა მეგის ქარდავა, რომ აღარ შემეძლო, დავეცი, ქეჩოში მომკიდა ხელი, წამომაყენა, წამომარტყა მუცელში და მუხლებზე დამაგდო, წიხლით მცემდა ხერხემალში.
ხორკლიანი კვერთხი ორჯერ დამარტყა მარცხენა დუნდულაში, ორჯერ – მარჯვენაში. გატრიალდა და გავიდა. ეს იყო გენერალი გიგი კალანდაძე. შემოდის ისევ მეგის ქარდავა, ცელოფნის პარკი უჭირავს ხელში. დამაყენა ისევ მუხლებზე, სკამზე დაჯდა, უკან, ჩამომაცვა ეს ცელოფნის პარკი, ალბათ, ერთხელ შემოატრიალა და უკნიდან მოჭიმა. 4-5 ჩასუნთქვა მეყო. მერე, ვხედავ, რომ უკვე ჟანგბადი აღარ არის შიგნით, აზრი აღარ ჰქონდა უკვე სუნთქვას, და ვგრძნობ, რომ უკვე გონებას ვკარგავ.
ერთხელ გიგი კალანდაძემ გამიმეორა და ერთხელ მეგის ქარდავამ, – შენ იცი, ვინ გველოდება? იცი, რას გვიშვები? გავჭედავ. სახელიც მითხრა, თავდაცვის მინისტრი, ბაჩანა ახალაია, თუ არ ვცდები“, -განაცხადა გია გორელაშვილმა.