შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, სანქციები, ალბათ გამკაცრდება. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუქმების დროისთვის, შრომის ინსპექცია მართლაც კორუფციის წყარო იყო.
მისი თქმით, მხოლოდ 75 ადამიანი იყო მთელ საქართველოში ამ ინსპექციაში და ისინი მცირე მოსაკრებლის, არაოფიციალურად ქრთამის მიღების მეტს არაფერს აკეთებდნენ.
„ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ამ სისტემის რეორგანიზაცია და მისი რეალურ, მობილურ, ეფექტიან ერთეულად ჩამოყალიბება, მოხდა უბრალოდ პრობლემის მოცილება. ასევე, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, გაუქმდა იმ დროს არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმები, კოდექსი და კარგად იცით, მთელი ამ წლების განმავლობაში შრომის უსაფრთხოების ნორმები და მოთხოვნები არ იყო რეალურად მიწოდებული. ეს გაუქმდა იმის გამო, რომ მომხდარიყო მაქსიმალური დარეგულირება და ბიზნესს შეწყობოდა ხელი, რაშიც არსებობს გარკვეული ლოგიკა და ეს ლოგიკა დღესაც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ ბიზნესი. ზედმეტი რეგულაციები აძვირებს მათთვის წარმოებას, რაც ამცირებს სამუშაო ადგილებს და ასევე, ამცირებს ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალშიც. რა თქმა უნდა, აუცილებელია თანამედროვე შრომის უსაფრთხოების ნორმების მიღება, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ასევე სავალდებულო ნაწილია“,- განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ნორმები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს დღევანდელ რეალობასთან, რომ ერთი მხრივ, არ მოხდეს ბიზნესის მობილურობის, სამუშაო ძალის მობილურობის და წარმოების გაძვირება და ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს ეს ბიზნესს და მეორე მხრივ, დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები.
ზოიძემ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელიწადში საშუალოდ 25 ადამიანი იღუპება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო.
ამასთან, ზოიძემ სამძიმარი გამოუცხადა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი 26 წლის მუშის, თემურ გურგენაშვილის ოჯახს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება.
„აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ნორმები და შრომის ინსპექციაზე კი არა, საუბარი უნდა იყოს უფრო მოქნილ მეთოდებზე, რომელიც ეხება დაზღვევას, ისეთი წარმოების დაზღვევას, რომელიც შედარებით სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და სხვა მექანიზმებს, რომლებიც შედარებით უფრო საბაზრო მეთოდით შეგვაძლებინებს იმას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, როგორიც მოხდა 26 წლის ადამიანის დაღუპვის შემთხვევაში. იმედია, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ ასეთ ტრაგედიებს. როგორც კი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, რომ, ერთი მხრივ, არ შევაფერხოთ ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები