„პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება“

“პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ წევრს, რომელებმაც ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა”, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი, რაზეც მისი ოპონენტები ეჭვს გამოთქვამდნენ, თავაძემ უპასუხა, რომ “ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებული, ამაზე იმეტყველებს სასამართლოს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება.”
მან ასევე უპასუხა შეკითხვას გახმაურებულ საქმეებზე, თუმცა არ დაასახელა როდის გამოცხადდება მათზე გადაწყვეტილება.
„ ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე, შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით, რა ვადებიც არის გათვალისწინებული და ისე განხორციელდება კონსტიტუციური მართლმსაჯულება“, -აღნიშნა თავაძემ.
ზაზა თავაძე  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
თავაძეს სხდომაზე დამსწრე პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები