ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირთა დაწესებულებებში ორი ბენეფიციარის გარდაცვალება კვებას უკავშირდება

შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბოლო პერიოდში ორი ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი სწორედ კვების პროცესს უკავშირდება. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმებულ შშმ პირთა რეზიდენტულ დაწესებულებებში ბენეფიციართა კვების სტანდარტის სრულყოფილად დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებები საკვები პროდუქტებით ცენტრალიზებულად მარაგდება ფონდის მიერ, სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული რეგულაციებით, შეიმჩნევა გარკვეული ხარვეზები, საკვები პროდუქტების ხარისხსა და ინსტიტუციებში მათი შენახვა–მომზადების თვალსაზრისით. ამასთან, ბენეფიციართა ნაწილი მიიჩნევს, რომ კვების პროცესში არ არის დაკმაყოფილებული მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები. ზოგიერთ დაწესებულებაში პრობლემურია კვების რეჟიმის დაცვა და ბენეფიციართა მიერ სასადილოთი სარგებლობა (დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი). აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციართა უმრავლესობა საკვების მიღებას საცხოვრებელ ოთახში ამჯობინებს, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ვერ უზრუნველყოფს სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბოლო პერიოდში ორი ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი სწორედ კვების პროცესს უკავშირდება, რაც აღრმავებს ეჭვებს საკვების ხარისხთან და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ვინაიდან აღნიშნულ საქმეებზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, სახალხო დამცველი თავს იკავებს წინასწარი შეფასების გაკეთებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია და შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ დაუმტკიცებია სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებისთვის კვების მინიმალური სტანდარტი. ადგილობრივ საკანონმდებლო რეგულაციებში აღნიშნულია მხოლოდ ოთხჯერადი კვებისა და ვარგისიანი საკვების მიწოდების ვალდებულების შესახებ, სხვა სტანდარტები, როგორიცაა კალორიულობა, საკვების მიღების პერიოდულობა და ა.შ. არ არის მკაფიოდ გაწერილი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები