უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე: პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა იყოს ზეწოლის არანაირი ნიშნები

“საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური და საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა იყოს ზეწოლის არანაირი ნიშნები“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. ნანუაშვილის თქმით, სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი.
”ყველამ თავი უნდა შეიკავოს სასამართლოს საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევისგან, სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი. სასამართლოს მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა იყოს ზეწოლის არანაირი ნიშნები. საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური შეფასებებისგან იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა ომბუდსმენმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად დღეს, 16:00 საათზე კენჭისყრა გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 წევრი ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს. მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეების ხმები თანაბრად გაიყოფა, თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენისა და არჩევის პროცედურები თავიდან დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ უკვე დასახელებული კანდიდატები. ახალი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება. აღნიშნული კანდიდატურებიდან, ირინა იმერლიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ის ხუთი წლით უხელმძღვანელებს, ხოლო თუ პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრი ზაზა თავაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები