ოკუპირებულ აფხაზეთში კიბერდამნაშავეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ოკუპირებულ აფხაზეთში სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, სერგეი სიგოვს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, სასამართლომ სიგოვის ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ საქმეში კიდევ ერთი პირი, ვლადიმერ ტრიფონოვი ფიგურირებს. სასამართლოს ინფორმაციით, სიგოვი და ტრიფონოვი რესპუბლიკაში 2015 წლის აგვისტოში ჩავიდნენ. მათ სპეციალური კომპიუტერული დანადგარების მეშვეობით საერთაშორისო გამავალი ზარები შიდა ქსელის ზარებში გადაჰყავდათ. ამით ტრიფონოვმა კომპანია „ა – მობაილი“ 250 ათასი რუსული რუბლით აზარალა, ხოლო სიგოვმა – 600 ათასი რუბლით.
რუსეთის ორივე მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონებრივი ზარალის მიყენებისთვის გასამართლდა.