დავით უსუფაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის სახიფათო, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში

„მოწოდება იმის შესახებ, რომ მეორე ტურებში მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ, პოლიტიკურად შედეგს და პარლამენტში ძალთა ბალანსს მაინც ვერ შეცვლის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პარტიებისადმი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვას, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

​როგორც უსუფაშვილმა ”TV პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის სახიფათო, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

”ჩვენ ყველანი ვართ ერთი იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ქვეყანაში არის სახიფათო, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობდით საარჩევნო კამპანიის დროს. როცა მრავალპარტიულ პარლამენტზე ვსაუბრობდით, სწორედ იმაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის, კონსტიტუციაში ბევრი რამ ნამდვილად შესაცვლელია. მე ვიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც 130-მდე ცვლილება შეიმუშავა, თუმცა წინ ვეღარ წავიდა, ზუსტად იმიტომ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არანაირი შანსი არ იყო. ჩვენ ის კი არ გვინდა, რომ პარლამეტში არ არსებობდეს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების შანსი, არამედ გვინდა, რომ ამის განხორციელება შესაძლებელი იყოს რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის კონსენსუსის შედეგად. მაგალითს მოვიყვანდი: წაგვიკითხავს, ფილმებში გვინახავს, რომ არის რაღაც სეიფი, რომელიც ორი გასაღებით იღება და ეს გასაღებები სხვადასხვა ადამიანს აქვს. აქ საქმე იმაშია, რომ ვიღაცამ ჩათვალა, ეს სეიფი მარტივად არ უნდა იღებოდეს, მაგრამ ამასობაში, ეს სეიფი არ უნდა იყოს მიდუღებული ისე, რომ ვერასოდეს ვერ გაიღოს. სეიფის გასაღებად საჭიროა ორი კეთილგონიერი, დამოუკიდებელი ადამიანის ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ გასაღები ორივემ ერთად გადაატრიალოს. კონსტიტუცია ასეთი რამეა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები