მარგველაშვილი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გმობს

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას გმობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას.
პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„მოგეხსენებათ, ეს მოსკოვსა და სოხუმის ე.წ. ხელისუფლებას შორის, 2015 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის თანამდევი პროცესის გაგრძელებაა. რეალურად კი ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას. პრეზიდენტი გმობს ამ ფაქტს და მას საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს, რაც პრეზიდენტის აზრით, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები