საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ამ სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფელში მოგვარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2016 წლის ნოემბერში დასრულდება და 11 ათასზე მეტი ადამიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.