სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა (ვიდეო)

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
​როგორც წულუკიანმა განმარტა, იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სახელით, მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წულუკიანის თქმით, მთავრობა არ ეთანხმებოდა ერთ კონკრეტულ პუნქტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს და მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანას.
​იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქმის განხილვა დაიწყება თავიდან. მისივე თქმით, მეორე მხარეს ეს გადაწყვეტილება დღესვე ეცნობება.
„ჩვენ დღეს მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოდან წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, არ მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან.
იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სახელით მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგანაც არ დავეთანხმეთ ჩვენ ერთ კონკრეტულ პუნქტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. ფარცხალაძის ეპიზოდს და მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანას. ჩვენ წარვადგინეთ არგუმენტები, რომლის თანახმადაც დავამტკიცეთ, რომ პალატის მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მთლიანად ეწინააღმდეგებოდა სტრასბურგის სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე მყარად დადგენილ პრეცედენტულ სამართალს, რომ იყო ეს პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ, სრულიად კანონიერად მიიჩნია მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, როცა დაუჯერა მის სათუო გამონათქვამებს, ზედაპირულ განცხადებებს და ჩათვალა, რომ საკნიდან გაყვანა შესაძლო იყო მართლაც მომხდარიყო, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. მანამდე, პრეცედენტის თანახმად, სტანდარტი დადგენილი იყო მაღალი და სათუო განცხადებების არცერთი გადაწყვეტილება არ ეყრდნობოდა მე-18 მუხლის დარღვევას. ამიტომაც ეს საჩივარი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სექტემბერში, დღეს იქნა განხილული და გადაწყდა დადებითად. მხარეები შევხვდებით დიდ პალატაში 17 მოსამართლის წინაშე, საქმის განხილვა დაიწყება თავიდან, მეორე მხარეს ეს გადაწყვეტილება დღესვე ეცნობება, ისევე როგორც ჩენ გვეცნობა და დაიგეგმება განხილვის მომავალი პროცედურები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2016 წლის 14 ივნისს გამოქვეყნდა. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზეა ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ”ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” შეტანილი სარჩელი განიხილა. მოსამართლეებმა ორი მუხლის დარღვევა დაადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები