პროკურატურა: ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს
ორთაჭალაში მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაშაულის იარაღს ექსპერტიზა უტარდება.
„ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – განუცხადა „კვირას“ ნათია სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერზე თავდასხმა მოხდა. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებადამცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.