დავით სანაკოევი – თუ ვინმეს ეზოზე “საზღვარი” გადის, ეზოში პასპორტით უნდა იაროს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებებზე დავით სანაკოევი აცხადებს, რომ საქართველოსთან „საზღვრის“ მოწყობის პროცესი გაგრძელდება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მის საკარმიდამო ნაკვეთს ან ეზოს “საზღვარი” კვეთს, სანაკოევმა განაცხადა, რომ ამ პირს აუცილებლად თან პასპორტი უნდა ჰქონდეს. „იმისთვის, რომ გავიდეს ნაკვეთზე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩა, ადამიანს თან პასპორტი უნდა ჰქონდეს. ასეთი სახლები არის სოფელ ზარდიანთკარის და ხელჩუას მიდამოებში და კიდევ სხვა რაიონებშიც“, – განუცხადა მან სააგენტო „სპუტნიკს“.
სანაკოევმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ადგილებში, სადაც საინჟინრო ნაგებობები, ანუ მავთულხლართები არ არის, სპეციალური საინფორმაციო ნიშნები დამონტაჟდება, რათა ადამიანებმა შემთხვევით “საზღვარი” არ დაარღვიონ.