დიტერ ბოდენი: აფხაზები ევროპელები არიან
აფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან მათი ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორმა დიტერ ბოდენმა სოხუმში განაცხადა.
როგორც ბოდენმა რადიოსთან „ეხო კავკაზა“ ინტერვიუში აღნიშნა, აფხაზეთში ის გერმანული ფონდის, „ბერგჰოფის“ მიწვევით ჩავიდა და იქ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
„იყო მწვავე კონფლიქტი და ომი. ახლა უკვე აღარ არის სამხედრო მოქმედებები, არ ხდება სერიოზული ინციდენტები კონფლიქტის ზონაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია ნორმალური მაინც არ არის. როდესაც ენგურს ვკვეთ, ვხედავ, რომ იქ არანორმალური სიტუაციაა. აფხაზეთი გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფება. მე მგონია, რომ აფხაზები ჩვენი ახლობელი ერია, ისინი ევროპელები არიან, ევროპას ეკუთვნიან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად. ეს პოლიტიკური პრობლემაა და ამ სიტუაციის გამოსწორებაში ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ“, – განაცხადა ბოდენმა.
დიტერ ბოდენს მიაჩნია, რომ აფხაზეთის იზოლაციის შესაცვლელად ევროპამ გზები უნდა გახსნას. მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმში თავის ძველ მეგობრებს შეხვდა. გაეროს ყოფილმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი „საინფორმაციო ბლოკადაშია და მისი გარღვევაა აუცილებელი“.