ხაჯიმბა ჟენევის დისკუსიების არაეფექტურობაზე საუბრობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი „ძალზე არაეფექტიანია“. ამის შესახებ ხაჯიმბამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან დაურ კოვესთან და მის მოადგილესთან, კან ტანიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
კან ტანიამ, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე კვლავ უარი განაცხადა. მისი თქმით, თბილისი მხოლოდ მოსკოვთან დოკუმენტების ხელმოწერის მომხრეა.
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციამ ასევე გააკრიტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენება აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ასევე დე ფაქტო ხელისუფლება დევნილებთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციით არის უკმაყოფილო.