აჭარის რეგიონში 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა

ბათუმის N 79 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ბათუმის სამივე ოლქის 119-ვე უბნის მონაცემები.
როგორც „კვირას“ ოლქის იურისტმა სულიკო შვენთიძემ განუცხადა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
აჭარის რეგიონში 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა და პროცენტულად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს პარლამენტის არჩევნები: „ქართული ოცნება“ – 42.55%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 29.52%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.26%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.93%.
უმაღლესი საბჭოს არჩევნები: „ქართული ოცნება“ – 42.44%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 28.88%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 6.52%; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.85%.
ბათუმის სამივე ოლქში, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოს დებუტატების ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.
როგორც N 79 ოლქის იურისტმა სულიკო შვენთიძემ განმარტა, ყველა დონის არჩევნებში, ყველა ოლქში ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატები 40-43%-ის ფარგლებში, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 25-33%-ის ფარგლებში, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანიდიდატმა ვერ გადალახა და გაიმართება მეორე ტური:
„რამდენიმე დღეში უფრო დაზუსტებულ მონაცემებს ელექტრონულად განათავსებს ცესკო და არაუგვიანეს კენჭისყრიდან 11 დღეში შედგება შემაჯამებელი ოქმი, მასში გათვალისწინებული იქნება საჩივრების განხილვის შედეგად თეორიულად გასაბათილებელი ხმები, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს არსებულ მონაცემებზე. ბათუმის N 1 უბანზე რაც მოხდა ვფლობთ ინფორმაციას. პროცესუალური დარღვევები იყო, მაგრამ ეს არ არის უბნის მონაცემების გაუქმებისა და ბათილად ცნობის საფუძველი. დაველოდოთ საჩივრების განხილვას“, – აღნიშნა სულიკო შვენთიძემ.
აჭარაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს ოთხი ბიულეტენით უწევდა ხმის მიცემა. საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები