ანა გომეში: ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდასაჭერად

სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. ანა გომეშმა აქცენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ვალდებულებებზე გააკეთა და ის რამდენიმე კომპონენტი გამოყო, რომელსაც ევროკავშირი რეკომენდაციის სახით უგზავნის საქართველოს.
“ჩვენ დავაკვირდით იმას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის. საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ასოცირების შესახებ შეთანხმება და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ბოლომდე შესრულება, რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ასევე, ენერგეტიკის განზომილება – ეს არის რამდენიმე საკითხი, რაც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ და სწორედ ეს არის ის მთავრი საკითხები, რომელიც წარმოჩენილია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში.
​ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გაგვეჟღერებინა საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პარტიებთან შეხვედრების დროს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს ყველა იმ ინციდენტის გამოძიება, რასაც არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი, ეს იყო კორცხელი თუ პარლამენტარის ავტომანქანის აფეთქება.
​მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო. საგულისხმოა, რომ ბევრი საუბნო კომისიის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქალები, მე ვისურვებდი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც“, – განაცხადა ანა გომეშმა.
მანვე საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ყველა დემოკრატიული რეფორმის გატარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა და არჩევნების ჩატარების პროცესის დროს ორგანიზატორების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.
“ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდასაჭერად. ეს არჩევნები ფასდება, როგორც პროფესიონალიზმით ორგანიზებული და მე მინდა შევაქო ეს არჩევნები. პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან ერთად უნდა იზრუნონ ქვეყენაში მშვიდობიანი ტონის შექმნისთვის“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანა გომეშმა.
​მანვე ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა, რამაც, მისივე განცხადებით, გავლენა იქონია არჩევნებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები