ცესკოს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობამ 51.63 პროცენტი შეადგინა

20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში 1, 814, 276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 პროცენტია.
ამის შესახებ ცნობილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე გახდა.
როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
„ამ დროისთვის, მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 2,337 ზარი და 187 შეტყობინება ონლაინჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება.
არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა; თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ, მთელი დღის განმავლობაში, საკუთარი ნების გამოხატვა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე: www.results.cec.gov.ge.
დღეს, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში, ინტერნეტტრანსლირების საშუალებით.
აქვე მოგაწოდებთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 110 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ.
საჩივრები, ძირითადად, ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, რამდენიმე საჩივარი შეეხება ხმის მიცემის პროცედურებს.
შეგახსენებთ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
ამ წუთებში ცესკოს სხდომაზე მიმდინარეობს ავღანეთში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების დათვლის პროცესი. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის კენჭისყრის პროცესი 5 ოქტომბერს ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე ჩატარდა. სხდომაზე ხმის დათვლის პროცედურების დასრულებისთანავე გაგაცნობთ ავღანეთში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები