სპეცრაზმი ისევ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეა

მიუხედავად იმისა, რომ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და შენობაც დახურულია, უბნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან კი, აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მიხეილ სააკაშვილისა და აჰმედ იმამყულიევის სახელებს სკანდირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მარნეულში, 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები