ირაკლი შიხიაშვილი: ის, ვისი აფეთქებაც უნდოდათ, ყველაზე ნაკლებადაა დაზიანებული

„გამოძიება თვითონ იტყვის ყველაფერს, მაგრამ საზოგადოებას აქვს მსჯელობის და არა ჭორაობის უფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით”,- ამ სიტყვებით ეხმაურება სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებას.
როგორც შიხიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა, ბევრი გარემოება იწვევს ეჭვს და საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.
„მინდა გამოვეხმაურო გივი თარგამაძის ე.წ. აფეთქების ფაქტს იმ მიზნისთვის, რომ განზრახ მკვლელობა მომხდარიყო. ვეტერანებს ამასთან დაკავშირებით პატარა გამოცდილება გვაქვს და მინდა საზოგადოებას ვუთხრა ერთი რამ – ბუნებრივია, ეს ტრაფარეტული სიტყვა ყველამ უნდა ვთქვათ, სწორია და იმიტომ, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება თვითონ იტყვის ყველაფერს, მაგრამ საზოგადოებას აქვს მსჯელობის და არა ჭორაობის უფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანს უნდა კონკრეტული პირის ლიკვიდაცია და აქვს წვდომა იმ ტრანსპორტთან, რომელიც უნდა ააფეთქოს, ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ, რომ ყველაზე ნაკლებად დაზიანდეს ის ადამიანი, ვისი აფეთქებაც უნდათ. ამ შემთხვევაში, თვალნათლივ ვხედავთ, რომ გარშემო დაზარალდა უამრავი ადამიანი და ყველაზე ნაკლებად არის დაზიანებული ის, ვისი აფეთქებაც თურმე უნდოდათ. ეს არის აბსურდამდე მისული მოქმედება, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მართლაც შეიძლება კუმულატიური ჭავლის მართვა აფეთქების დროს. თუ უნდათ აფეთქება, ეს ჭავლი მიმართულია პირდაპირ სამიზნისკენ, სალონის შიგნით და არა გარეთ. რაც დეფორმაცია მიღებული აქვს მანქანას, ჩემი თვალით ვნახე, სულ მცირე შიგნით მყოფების კონტუზიით უნდა დასრულებულიყო. დანარჩენს დაადგენს გამოძიება. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ვინც ეს განახორციელა, კარგად იცოდა, რას აკეთებდა. კარგად გამოცდილი სპეციალისტია. მიზანი რამდენიმე შეიძლება განვიხილოთ – ქვეყნის გარეთ ეჩვენებინათ, რომ არჩევნების წინ საქართველოში არის არასტაბილური მდგომარეობა, ხელისუფლება უუნაროა, რომ ჩაატაროს მშვიდ გარემოში არჩევნები. რომ დევნიან „ნაციონალურ მოძრაობას” და იმდენად დევნიან, რომ მზად არიან, დახოცონ. საზოგადოებაში გაჩნდეს შიში კონკრეტულად არჩევნების დღეს. იყოს დაბალი აქტივობა, რაც ყველაზე მეტად აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას”, იმიტომ რომ მას ჰყავს გარკვეული ამომრჩეველი და რაც ნაკლები იქნება არჩევნებზე მოსულთა რაოდენობა, მეტი იქნება მათი პროცენტული მაჩვენებელი. ეს იყო, ჩემი აზრით, მიზანი და მიტინგის წინ ადამიანები, ვინც მივიდოდნენ, უფრო მეტად იქნებოდნენ მოტივირებულები”,- განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები