კვლევის თანახმად, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი სხვა პარტიებსაც აქვთ

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ.
მონაცემების ალოკაციისთვის ამ ადამიანებს დაუსვეს დამატებითი კითხვები, რომლის შემდეგაც შედეგები ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” – 47%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 18%, “თავისუფალი დემოკრატები” – 6%, “ლეიბორისტული პარტია” – 5%, “პატრიოტთა ალიანსი” და პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” – 4-4%. ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 2%. სხვა პარტიები – 3%. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11%-მდე ჩამოდის.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერს, „ქართულ ოცნებასთან“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ლახავს მესამე პარტიაც – “თავისუფალი დემოკრატები”. პრაქტიკულად, ბარიერის ზღვარზეა კიდევ სამი პარტია: “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი” და “პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის”.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-მა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.8%-ია. კვლევის საველე სამუშაოები „გორბიმ“ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები